დაიკიდე, ჯივზ!

“საოცარი ამბავია, გარეგნულად ერთი რიგითი ბრიყვი ხარ,

ყოვლად უვნებელი,  იქნებ ცოტა შერეკილიც,

მაგრამ არა გარეკილი…  სინამდვილეში ერთი

ღვთის მათრახი ხარ,  ჭირი, ვაი და ვუი…

შენ რომ გიყურებ თავი ჩამოვიხრჩო, მინდა.”

პ.ს. დეიდა დალიას მინიმონოლოგი, სპეციალურად თქვენთვის

ვუსტერის  პიროვნების ამოსაცნობად.

 

 მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ლიტერატურის მოყვარული მეტად ვარ, შეუძლებელია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება პ.გ. ვუდჰაუსის მიმართ, რომელმაც ჩემს თვალში ამბავი ინგლისელების დახვეწილი იუმორისა, მეტად გაამყარა და მტკიცე კონტურებიც შესძინა.

დავიწყოთ იმით რომ სიუჟეტი სწორხაზოვნად სახალისოა, დავამატოდ ფრიად საინტერესო და სასაცილო (რომ არ გამოვიყენო სიტყვა კომიკური) დიალოგები. განსაკუთრებით გამოვყოფდი დიალოგებს ბერტრამ ვუსტერსა და მისი საყვარელ დეიდა დალიას, ან უგამჭრიახეს მსახურს ჯივზს შორის.

“-იქნებ ერთი სამსახურიც გაგეწია ჩემთვის?
-რა, მაინც?
-ის ბილიკი ხომ გახსოვს, ტბორთან რომ მიყავხარ?
-კი, რა თქმა უნდა.
-ფანჩატურში თოკი ან რაიმე მავთული იქნება, რამდენიმე ცალი აგურიც გააყოლე, მერე მიდი ტბორთან, აგურები თოკით შეკარი, მეორე ბოლო ყულფად გამონასკვე და როგორც კარგი და დამჯერე ბიჭი, წყალში ჩახტი, რაც შეიძლება ღრმად, გასაგებია? მეორე დღეს კი შენს გვამს ამოვიღებთ წყლიდან, გავაპატიოსნებთ და აქვე დავმარხავთ… ღმერთმანი, ყველაზე მეტად ახლა შენს საფლავზე დავლურის დავლა მომიხდებოდა!”

რბილად, რომ ვთქვათ ცოტა უცნაურია საკუთარი  (თან ძალიან საყვარელი) დეიდა ასეთი სამსახურის გაწევას რომ გთხოვს და არც ის იქნება გასაკვირი შესრულებაზე უარი რომ განუცხადო.   თუმცა ყველაზე საინტერესო, რაც  ამ წიგნის ძირითადი ჰიპერბოლაა,  სწორედ ის მიზეზებია,  რის გამოც მისი მოკვლის სურვილი,  არა მხოლოდ დეიდა დალიას,  არამედ წიგნის დანარჩენ პერსონაჟთა უმეტეს ნაწილს ერთი პირობა უჩნდება ვუსტერის მიმართ.

ასევე ხაზგასმით სასაცილოა ის ეპითეტები, რომლითაც არისტოკრატი ბერტი ვუსტერი გარშემომყოფთ ყოველგვარი ქვენა გრძნობების გარეშე (უბრალოდ სიყვარულით) ამკობს.  მაგალითისთვის მინდოდა რამდენიმე მათგანი მომეყვანა, მაგრამ პატარა ინტრიგას დაგიტოვებთ. ამ წიგნთან ერთად გატარებულ რამდენიმე საათს არ  ექნებოდა ის მომხიბვლელობა, თუ ასეთი სასაცილო ნიუანსები წინასწარ მეცოდინებოდა.

 

 

16 thoughts on “დაიკიდე, ჯივზ!

    • მალე გამოვგზავნი ნუ ოხრავ. და აქაც ეგეთი ამინდია ზუსტად.

    • დიოგენეს ბიბლიოთეკის სერიიდანაა, რამდენიმე საათს მხიარულად გაგატარებინებსა

    • პ.გ. ვუდჰაუსი- საინტერესო იმ მხრივ ნამდვილად არის , რომ გახალისდე და დრო მხიარულად გაატარო ამ წიგნის კითხვაში

  1. ჯერ სულ რამდენიმე ფურცელი წავიკითხე და უკვე ვატყობ, რომ ჯივზი და ვუსტერი არ მომაწყენენ 🙂

    • კი ნამდვილად, რაც არ უნდა მოწყენილი იყო, ამ წიგნის კითხვისას ხმამაღალ სიცილს ვერ შეიკავევებ.

    • მოასწარი წაკითხვა? სერიალების ყურება რომ არ მეზარებოდეს ამოვქექავდი მაგ სერიალს. არ ვინანებ დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო თერაპია იქნებოდა.

      • რა ხანია. მაისში, ბოლო წიგნის ფესტივალიდან წამოვიღე ვუდჰაუსი და მაშინვე დავწერე, ბავშვობის სერიალით მახსოვს და ურიგო არ იქნება მეთქი. ჰოდა, ურიგო კი არა, ძალიან კარგი აღმოჩნდა. კარგი რამეა ეს “დიოგენეს ბიბლიოთეკა” და რა ვქნა 🙂

      • ააა, არ ვიცოდი პოსტი გაქვს დაწერილი?

        კი მართლა რჩეული ლიტერატურა აქვთ.

      • საკუთრივ ამ წიგნზე – არა, მაგრამ საფესტივალო პოსტში და “გალას’ შორტლისტის მიმოხილვაში ვახსენე.

        “კირჩხიბის ტროპიკი” გამოსცენ და რჩეულობა მერე ნახე შენ 🙂

      • ხო გადავხედე ეხლა მაგ პოსტს, ერთი სული მაქვს ისე ველოდები. სტამბიდან გამოვაცუხცუხებდი ცხელცხელს რომ შემეძლოს.

Leave a comment