Archive | ოქტომბერი 2012

შემოდგომა-ზამთარი 2013 – სვიტრები

ინტერნეტში ბოდიალისას ერთ-ერთ ქართულ პოპულარულ ფეშენ-საიტზე, ისეთი საშინელი პოსტი წავიკითხე სწორედაც გადავირიე.(არა, პოსტს რა უშავდა)- აქტუალური სვიტრების ფოტოებმა კი შოკში ჩამაგდო. რადგანაც ყველაზე მეტს გემოვნებაზე დაობენ, გადავწყვიტე მსგავსი პოსტის საკუთარი გემოვნებითაც გამომეცხო, ხოდა ძალიან კმაყოფილი ვარ ქვემოთ მოყვანილი ფოტოებით. აი, დაბლა წარმოდგენილი კოლექცია ნამდვილად აქტუალური სვიტრებითაა შემოფარგლული.

მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ სვიტრების მოტრფიალე და ზამთრის განმავლობაში თითქმის არასოდეს არ ვიცვამ, ისე მომეწონა თითოეული მათგანი, სიამოვნებით მოვირგებდი.
იმედია თქვენც მოგეწონებათ, თავად ნამდვილად კმაყოფილი ვარ.

Sans titre #29

Sweater
ebay.fr

Vivienne Westwood denim skinny jeans
$210 – viviennewestwood.co.uk

Mimco resin jewelry
$73 – mimco.com.au

Kate spade jewelry
couture.zappos.com

Butter london
nordstrom.com

Continue reading

უთვისტომო

ძვირფასო ბებე!

გავიხსენებ ჩვენს დილანდელ საუბარს სადაც გწერდი, რომ ჩემი უხასიათობის მიზეზი წვიმა იყო, რის გამოც ვერ ვახერხებდი დიდი ხნის წინ დაგეგმილ ვიზიტს წიგნის მაღაზიაში, რათა სხვა წიგნებთან ერთად ჯინ ვებსტერის “გრძელფეხება მამილო”-ც მეყიდა, რომლის წაკითხვაც მოლის პოსტმა მომასურვა. სხვათაშორის ისიც მოგწერე, რომ ბოლო დროს თუ რამ წამიკითხავს ყველაფერს მოლის უნდა ვუმადლოდე.

და შენ რა მიპასუხე?!
გადი წვიმაში
შენი რა მიდის?დასველდი გემრიელად თან წიგნსაც იყიდი.
ხოდა წავედი
და ეხლა შენთვის ვწერ
ვიცი როგორ გენატრება გემრიელი საკბილო, ვეცდები მალე გამოგიგზავნო, მანამდე კი…

ამ წიგნში მთხრობილია ერთი პატარა გოგონას ისტორია – როგორ გადაიქცა ობოლი უპატრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელი მშვენიერ, ნიჭიერ, განათლებულ და პერსპექტიულ ახალგაზრდა ქალად. იცი?! მის სიტყვებს, რომ ვკითხულობდი თვალწინ სულ შენ მედექი, მეგონა შენ მელაპარაკებოდი. შენი იყავი ის თავნება და ანცი გოგო, ბოლო ხანებში მეურვის ურჩობას რომ ბედავდა, შეუპოვრად მიილტვოდა მიზნისკენ (მჯერა შენც გამოგივა -თქვენ ხომ ძალიან გავხართ ერთმანეთს).

ხანდახან ჯუდის სიტყვებს ვკითხულობდი გაოგნებული, შენი პირიდან რამდენჯერ გამიგონია მსგავსი-თუნდაც ბედნიერებაზე:

“ცხოვრებაში მთავარი დიდი სიხარული არ არის. მთავარია შენ თვითონ შეგეძლოს პატარ-პატარა ბედნიერებებისგან დიდი სიხარული შექმნა.”

ან კიდევ ცოლ-ქმრობის უღელზე
“გადავწყვიტე არ გავთხოვდე. როგორც ჩანს ამას ადამიანისთვის ცუდი შედეგი მოაქვს.”

ან კიდევ იმაზე, როგორ შეგტკივათ გული ადამიანებზე:
“მე შენზე მდიდარ კაცს არ ვიცნობ. არ შეგიძლია, მათ ასი დოლარი უწილადო? ამ ქალიშვილს ჩემზე მეტად ჭირდება დახმარება. ეს გოგო რომ არა სხვისთვის არ გთხოვდი. დედამისი არ მებრალება ისეთი ლოქო ვინმეა.”

თუნდაც ღვთის ნებაზე:
“-განა უფალმა არ ჩააგონა, ასე მოქცულიყო?
-უფალმა კი არა, მე შთავაგონე.”

მგონი ოდნავ გაიცანი ჯუდი ებოტი.
უკეთ კი მხოლოდ მაშინ გაიცნობ, როდესაც მის წერილებს წაიკითხავ მისტერ გრძელფეხება მამილო სმითისადმი.

წერილები სავსეა სევდით, სიხალისით, სიძნელეებით და მათი გადალახვით გამოწვეული აღფრთოვანებით, უიმედობით და სასოწარკვეთით, შეუპოვრობით, ბედნიერებით და სიყვარულით, სითბოთი, კეთილგანწყობით-თითქმის ყველაფრით რაც ჩვენს ცხოვრებას მომხიბვლელ ელფერს ანიჭებს.

ერთი სული მაქვს მალე წაიკითხო შენც – ხომ ვიცი მოგეწონება, საკუთარი ნააზრევის წიგნში წაკითხვა.

შეიძლება პოსტის სათაური არ მოგეწონოს, მაგრამ ჯუდი ხშირად უწოდებდა საკუთარ თავს უთვისტომოს-ხოდა მეც ესე დავუძახებ. რომ წაიკითხავ შეიძლება კამათიც…

პ.ს. ეს ჩემი პირველი ონლაინ წერილია, არ გიკვირს, როგორ მოვახერხე?

მამა

პატარა დაობლდა.
ჯერ მამამ მიატოვა ოჯახი, მას შემდეგ თვალითაც არ უნახავს, თუმცა მამიდა თავისებურ მეურვობას უწევდა ბავშვებს.
სამი შვილის დედას, ოჯახის რჩენის ტვირთი დააწვა სუსტ მხრებზე.
თავი არ დაუზოგავს
მუშაობდა, რომ ლუკმა პური არ მოჰკლებოდა შვილებს.

თუმც, ცუდ ამბებს ეულად არ უყვართ სიარული.
უფროსი ძმა მეთერთმეტე კლასში იყო, თავად მეათეში, უმცროსი და კი მეცხრეში. უდრტვინველად ცხოვრობდნენ-სანამ დედაც ლოგინად არ ჩავარდა. მოკლე ხანში კი სევდით სავსე სული უფალს მიაბარა.

რას გრძნობდნენ?
უპატრონოდ დარჩენილი მოზარდები, რას გრძნობენ ხოლმე ობლად რომ რჩებიან…
პასუხი არ მაქვს, თავად არ გამომიცდია და არც ამ თემაზე მისაუბრია შენთან, მამა.

დაიწყო წლები
სიმძიმით, გაჭირვებით და ტკივილით სავსე.
სკოლაშიც სწავლობდა, თავისუფალ დროს ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა იყო.
უმცროსი და, მათი მოტანილი საარსებოდ საჭირო მინიმუმიდან უგემრიელეს კერძებს ამზადებდა. მუდამ წკრიალი გაჰქონდა პატარა და ლამაზ სახლს.
ბიჭებს ობლობა არ ეტყობოდათ.
დაიკოს მზრუნველი ხელი სიძველისგან გაცრეცილ სამოსს სიყვარულით აცისკროვნებდა.

ლამაზები და კოხტები
მუყაითები და შრომისმოყვარენი…
ნაცნობ-მეგობრებიც ხელს უმართავდნენ როგორც შეეძლოთ.
ებრძოდნენ ცხოვრებას.
დღეები
თვეები
წლები

სხვა ალბათ სასმელში ჩაახრჩობდა დარდს
ცუდ წრეში მოხვდებოდა და ციხეში ამოყოფდა თავს.
წამალს მიეძალებოდა
ან არ ვიცი, როგორ ფუჭდებიან ხოლმე ცხოვრებისგან განწირული ადამიანები.

მაგრამ, ის სხვა არ იყო.

ინსტიტუტის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, ერთი შავგვრემანი, თავნება გოგო მოიყვანა ცოლად და გორიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

განუწყვეტლივ შრომობდა.
არაფერს თაკილობდა.
ღმერთს უყვარს, ალბათ მუყაითი ადამიანები.
პატარა ბიზნესი – დიდ ბიზნესად იქცა.
პატარა ბინა ქალაქგარეთ-მშვენიერ საცხოვრებლად.
დანჯღრეული 08 -ბოლო მოდელის კრაისლერად.
ბევრი შვილი
წარმატება
ცოტა რისკი
გაუმართლებელი ნაბიჯი
ტანჯვით მოპოვებული კომფორტი და სტაბილურობა ქარმა წაიღო.

სხვას გაუჭირდებოდა.
სასმელს მიეძალებოდა
ცხოვრება მოძულდებოდა
ან არ ვიცი, როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებსაც წლობით მიღწეული – ერთ დღეში ნაცარტუტად ექცევათ…

მაგრამ, ის სხვა არ იყო.

ცხოვრება მერამდენედ დაიწყო ნოლიდან.
ემიგრანტობა
გაჭირვება
შიმშილი
ძვირფასი მანქანიდან – ავტობუსის გაჩერებაზე.
საკუთარი სახლიდან – ნაქირავებ ბინაში.
საკუთარი ბიზნესის მართვიდან – სხვისი ბიზნესის სადარაჯოზე.

გიფიქრიათ ოდესმე, რომ ცხოვრება ყველაზე სარკასტული, ირონიული და სასტიკი რამაა?
არა – მას არა.

არც ეს ისტორია მთავრდება ცუდად.
ოდესმე კვლავ მოვიმარჯვებ კალამს, რათა ახდენილ ოცნებებზე, გამართლებულ იმედებზე და შენი ცხოვრების ბედნიერ წუთებზე დავწერო
მამა…

ძველი ლონდონი

ვინმე თუ მიცნობს, აუცილებლად ეცოდინება ხმაურს და აურზაურს, როგორ ვერ ვიტან. მით უმეტეს პაბებს, სადაც მუსიკა პირდაპირ ტვინამდე ატანს და სიგარეტის ბუღში სუნთქვა, უბრალოდ შეუძლებელია.

როგორ მოვხვდი “ძველ ლონდონში” რა მნიშვნელობა აქვს (ქეთის დაბადების დღე იყო).

მთავარი ამ ამბავში იცი რა იყო?

გიგი გეგელაშვილი ბენდთან ერთად, რომელმაც ერთი ჩვეულებრივი საღამო (ხო კარგი, შენი დაბადების დღის წვეულება ქეთი!) დაუვიწყარ მოგონებად აქცია.

ცოდვა გამხელილი ჯობია, მანამდე გიგის შესახებ არაფერი გამეგონა თუმცა ინტერნეტში მოძიებული მასალა მიდასტურებს, რომ არ შემშლია. ადამიანში ნიჭს ალღოთი ვგრძნობ. ალღო რათ უნდოდა, იმ საღამოს ყურებით, გულით და სულით შევიგრძენი მუსიკა.

გული კი ჩამწყდა, რომელიღაც პაბში მღეროდა ნიჭი (შეიძლება ვიწრო წრეში საკმაოდ ცნობილი), რომელსაც გასაქანი, ფართო აუდიტორია სჭირდება.

ვიწრო პაბი ემოციებს ვერ იტევს…

გიგი ვისურვებდი შენს წარმატებას, დარწმუნებული ვარ ნიჭი თავის გზას არ დაკარგავს.

მანამდე კი…

მე დავბრუნდები ხმაურში და აურზაურში

რომ კვლავ მოგისმინო

ეს ჩანაწერები ახლოსაც არ მივა იმასთან, რასაც ცოცხალი შესრულებით გიგის სიმღერა ქვია.

ვებრძვი მოსაწყენ დღეებს და ზედმეტ კილოგრამებს

ზედმეტი წონა ჩემი ცხოვრების ერთერთი დიადი პრობლემაა, ხოდა პრობლემა ხომ იმის არის რომ მოვაგვარო? მხიარული ზაფხულის მერე 5 კილო გამომყვა, ერთხელ რომ აიშვებ, მერე ძნელია კალაპოტში დაბრუნება. საკუთარი თავის ხელში ასაყვანად ჩემი მთავარი მოტივაცია ჯინსებია რომელსაც ვეღარ ვიკრავ(დი).

და ბოლოს და ბოლოს დავიბოღმე, როგორ შეიძლება 5 კილო ვერ დაიკლო?
თეორიულად ძალიან იოლია აღარ ჭამ და იკლებ.
პრაქტიკაში ცოტა რთულადაა საქმე, იცი რომ არ უნდა ჭამო , მაგრამ მაინც შემოგეჭმევა, ერთს მეორე მიყვება და წასულია ასეთი დღის საქმე.

5 კილოს თუ ვერ დავიკლებ რომელიც ასეთი ადვილია(ერთი შეხედვით), რომელ ცხოვრებისეულ წარმატებასა და მიღწევაზე უნდა ვიოცნებო. მართლა თითქოს სულ სხვადასხვა თემებია, მაგრამ როდესაც ვერ აკეთებ იმას, რაც მხოლოდ შენს თავზეა დამოკიდებული, შესძლებ გააკეთო სხვა უფრო საპასუხისმგებლო შენზე დაკისრებული მოვალეობა?

და კიდევ, ბოლო დროს მოძალებული უხასიათობა (ისედაც უხასიათო ვარ, მაგრამ ხანდახან მეტისმეტი მომდის) საკუთარი თავისთვისაც მომაბეზრებელია, მაგრამ აბა როგორ უნდა იყო კარგ ხაიათზე როდესაც….

მოკლედ. აღმოვაჩინე პრობლემა, რომელიც მიზეზია ყველაფრისა, დავიწყე ბრძოლა მის აღმოსაფხვრელად, მეოთხე დღეა მკაცრ დიეტაზე ვარ და უკვე ორი კგ დავიკელი, სულაც არ გამკვირვებია რომ წონის კლება ჩემი ბედნიერების ჰორმონების მოჭარბების პირდაპირპროპორციულად მიმდინარეობს, ასე რომ ისევ თავად ვუშველე საკუთარ თავს.

იცი რა არის ყველაზე გასაოცარი? ბოლომდე არ უტყდები საკუთარ თავს, არც თვალებს უჯერებ და არც სხვას, სანამ ცხვირში არ დაგეტაკება მწარე რეალობა (ჯინსების სახით). არადა თავის დროზე რომ მიმეხედა თავისთვის არც ეს საზიზღარი 5 კილო იარსებებდა.

ეხლა ვინმე ბრძენი წაიკითხავს ამას და მეტყვის რას იგიჟებ თავს, 5 კილო არაფერია ზოგს 10-15-20 კილო აქვს მოსაკლებიო. ხოდა იცოდეთ, ყველაფერი შედარებითია? ანუ მივეცე თვითკმაყოფილებას სანამ 10 კილოს არ მოვიმატებ? ვაიმე, წარმოდგენაც კი მზარავს. არა, თუ შედარებაზე მიდგა საქმე ყოველთვის საუკეთესოს შეადარეთ თავი ჩემსავით) და არა ისეთს, რომლის ფონზეც თავად ჩანხართ საუკეთესო.

გეგმა: 1 ნოემბრამდე ვიკლებ დარჩენილს და შემდეგ ვიწყებ ვარჯიშს, ფორმების გასაუმჯობესებლად. სანამ შემეკითხები ამას რატომ წერ და ვის, რაში აინტერესებსო, აქვე გიპასუხებ, ესეც მოტივაციის ნაწილია, თუ მიზანს ვერ მივაღწიე, ჩემს ირგვლივ მყოფ ყველა ადამიანს ეცოდინება, რომ ერთი უნებისყოფო ღორმუცელა ვარ, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო.

პირველი სამი დღე ძალიან რთულია. საკვების მკვეთრი შეზღუდვის გამო გრძნობ თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, კიდურების დაბუჟებასაც (მე ვგრძნობდი და ალბათ ინდივიდუალურია). ზედმეტი პრობლემების ასაცილებლად უზმოზე ერთი კოვზი თაფლი ორგანიზმს უზრუნველყოფს დღიური კალორიების და მინერალების მინიმალური(და ძალიან აუცილებელი) რაოდენობით. ასე რომ ჯანმრთელობა არ გაიფუჭოო არ დამიწეროთ, მშვენივრად ვიცი როგორ დავიკლო ისე რომ, ჯანმრთელობას არაფერი არ ვავნო, განსაკუთრებულად დაინტერესებულ პირებს კი დიდი სიამოვნებით დავეხმარები იგივეს გაკეთებაში(ნუ,რჩევებით მაინც)

და კიდევ ერთიც, მშიერი და ბედნიერი ადამიანი გინახავთ? როდესაც შიმშილი ძლიერად შემომიტევს მიხარია, რადგანაც ეს ისაა რაც ცხადად მაგრძნობინებს

საკუთარ თავს ვძლიე ბოლოსდაბოლოს.

შევძლებდი ამას?

როდესაც ორსულობის ტესტი დადებით პასუხს აჩვენებდა პირველი რასაც ვაკეთებდი, ვლოცულობდი, რომ ჯანმრთელი შვილები მყოლოდა. ჯანმრთელი და ლამაზი…

რატომ? ალბათ მეშინოდა პრობლემებთან შეჯახების, შეიძლება საკუთარი თავის, შევძლებდი დედობა გამეწია ბავშვისთვის რომელიც ვერასოდეს გაივლის, ითამაშებს და იქნება უბრალოდ “ჩვეულებრივი” ბავშვი?

აკვიატებული შიში? თუ შიშში დანახული ბედისწერა, შეიძლება ფრიად განვითარებული წინათგრძნობა იყო, ყოველ შემთხვევაში, რომ მითხრეს ბავშვი დაუნის სინდრომით არისო ავად, რატომღაც არ გამკვირვებია.

მაგრამ გულში რაღაც ჩამწყდა…
რატომ?
რატომ მე?
რატომ ჩემი შვილი?
და რა ვქნა…

***

როდესაც ვუყურებ დედას, რომელიც სათუთად უვლის თავის პატარას, ცხოვრობს მისი ცხოვრებით და ხანდახან სევდიანად შეჰყურებს თანატოლებისგან გარიყულს…
ვფიქრობ ხოლმე…
შევძლებდი ამას?

წონასწორობა

გონებრივი წონასწორობა არ უნდა დაირღვეს…

და მაინც გონების მართვა არც ისე იოლი საქმე გახლავთ, ეს მაინც ვიცი.
და თუ დაირღვა და უკვე სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდი?

არაფერია არაჩვეულებრივი ამ ამბავში, ბევრს დამართნია, გაგიგია ალბათ? დიდ წილად გენიოსების ისტორიები გეცოდინება, მაგალითად როგორ გაივსო ვირჯინია ვულფმა ქვებით ჯიბეები და მდინარეში შევიდა.

ანაბრაამ ლინკოლნის ეს ფრაზა გექნება გაგებული “ნეტავი ჩემს ფსიქიკას ვინმე ჯეროვნად გამოიკვლევდეს. დარწმუნებული ვარ, ბედმა მიმუხთლა, თუმცა ჯერ არაფერი წამიგია…” ნეტავ ჩემს ფსიქიკასაც გამოიკვლევდეს ვინმე სულ ყველაზე ცოტა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ნამდვილად ვიქნები.
და კიდევ რამდენი რამეა სულში ჩამარხული.
ვინ იცის(სანამ ყველაფერი რ წამიგია)

და ერნესტ ჰემინგუეი? იცოდი მის ოჯახში თავის მოკვლა ტრადიციასავით რომ იყო? რომ მისმა მამამ დამ და ძმამაც კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრეს? მეც სხვებივით მგონია რომ მემკვიდრეობითი დაავადება გემოქრომატოზი იყო ამ ისტორიის თავი და თავი, რომელიც იწვევს დეპრესიას, და თავის ტვინის არასტაბილურობას.

პოეზიის მეფე და ადამიანი რომლის ლექსებმაც მასწავლა რითმების სიყვარული, გალაქტიონმაც თავი მოიკლა. გაგიგიათ ალბათ საავადმყოფოს გამოღებული ფანჯრიდან გაფრინდა… და არც კი ვიცი რატომ გიყვებით ამას? ხანდახან მეც მაწუხებს ხოლმე სიცოცხლის ნაადრევად დამთავრების სურვილი, მერე რა, რომ გენიოსი არ ვარ.

უბრალოდ მაინც მგონია რომ გონებრივი წონასწორობა არ უნდა დაირღვეს. თუ კი დიდხანს შევინარჩუნებ ამ წონასწორობას ესე იგი ფიქრები ფიქრებად დარჩება. მაგრამ შევინარჩუნებ კი?

დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება წუთები, როცა მარტო სიკვდილს ნატრულობს, ხოდა თქვენ, თუ ერთხელ მაინც გიფიქრიათ სუეციდზე, გილოცავთ დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეა.

ისე კი იცოდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქიური აშლილობა სხვადასხვა ცნებებია.