დღეს

დილაადრიან ადგომა უფრო და უფრო მიჭირს. წინა დღეს ჩამეძინა და ბავშვები მშივრები მივყვანე სამარშრუტო ტაქსამდე. მე პირდაუბანელი და გაჩეჩილი ვიყავი, მძღოლს დავურეკე 5 წუთი დამელოდე მეთქი, შევეხვეწე. ალბათ გამონაკლისი იმიტომ დაუშვა , რომ არასოდეს ვიგვიანებთ. მობილური გათიშული მქონდა და შესაბამისად არც მაღვიძარამ დარეკა 7:00 სთ-ზე. უფრო ყურადღებიანი უნდა ვიყო.

დღეს კი ავდექი დილაბნელზე, გამოფხიზლება ჭირს და თბილი საწოლიდან გამოძრომა, მერე ცივ წყალს რომ შევისხამ სახეზე ყველაფერი კარგადაა. ალბათ ვარჯიში მაცლის დიდ ენერგიას, ბავშვებს გავისტუმრებ თუ არა მეუღლისთვის საუზმეს ვამზადებ, ფინჯანში ყავას ვყრი და ორ კოვზ შაქარს, ბუტერბროდებს დავამზადებ, მოვწესრიგდები და მიმიხარია “იუნონაში”. ბევრი გოგო დადის დარბაზში, ძალიან მეგობრული და ოჯახური ატმოსფერო გვაქვს. ყავას ვსვამთ და ვსაუბრობთ საკუთარ ბედსა თუ უბედობაზე. ნონა ჩვენი ინსტრუქტორი 50-ს ახლახან გადასცილდა, ფანტასტიური ადამიანია, მისი დამსახურებაა “იუნონაში” ასეთი მყუდრო გარემო. არაჩვეულებრივად ესმის და უყვარს თავისი საქმე, ჩვენც ყველანი გულით ვუყვარვართ. შიგადაშიგ თუ ვინმეს პრობლემა აქვს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და თანადგომა არასოდეს ეშლება. ძალიან მიყვარს მისი ისტორიების, მისი საუბრის მოსმენა. უბრალოდ ვუყურებ და ვუსმენ ხოლმე და მიხარია მისნაირი ადამიანების არსებობა. არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს, ულამაზესი სხეული და კიდევ უფრო ლამაზი სული. ნონას რომ ვუყურებ ვიცი, როგორ უნდა ვებრძოლო ასაკს და როგორ დავრჩე მუდამ კარგი ადამიანი.

გულში ნონას მშვენიერება დავარქვი.

ისე გადის ვარჯიშისთვის განკუთვნილი საათნახევარი ვერავინ ვერ ვამჩნევთ, არც თვითონ იღლება და მისი შემყურე ჩვენც ვერ მივცემთ თავს ზარმაცობის უფლებას.

ამ დილას დანიმ სიურპრიზი მომიწყო ჩაცმულ-დახურული დამხვდა და პირის დაბანაც მოეხერხებინა, გამეხარდა. სანამ საუზმობდა, მე მაკიაჟის გაკეთებაც მოვასწარი და გადავწყვიტე მათ სამარშრუტო ტაქსს გავყოლოდი პეკინამდე. ჩანთიდან წიგნი ამოვიღე: “ტიპი მეზობელი საფლავიდან”. დიდი ხანია მინდოდა მისი წაკითხვა (ნეტავ ვისი დამსახურებაა?) და გუშინ გამოვაყოლე ხელს ესპერანსადან. ათიოდე გვერდის წაკითხვა მოვასწარი, რა კარგია სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, როდესაც ზიხარ სავარძელში და მშვიდად კითხულობ. ჩვეულებრივ, ტაქსებში კი იცით რა ამბავია პიკი საათების დროს. და აი, ეს მგზავრობები ნამდვილად მიშხამავს განწყობილებას, განსაკუთრებით მაშინ ვცოფდები, როდესაც ხანდაზმული ადამიანები ამოდიან გატენილ “მარშუტკაში” და საძაგელი თინეიჯერები პირს ფანჯრისკენ იბრუნებენ. მზად ვარ ვუყვირო და ვუთხრა თავადაც დაბერდებიან, ურცხვები. ამის მაგივრად ბრაზს ვიკლავ და გული სიძულვილით მევსება, გაუზრდელი თაობა.

პეკინიდან შარტავამდე მივსეირნობ, ქუჩა თითქმის ცარიელია. ორმა გოგონამ ჩამიარა, ქუსლიანი ფეხსაცმელებით მიბორძიკობდნენ, რა ხანია არ ჩამიცვამს ქუსლიანი ფეხსაცმელი, გუშინ ვფიქრობდი და დამეზარა, ხვალ აუცილებლად ჩავიცმევ, ღია ფეხსაცმელის დროა, გაზაფხულია, თბილი სიო ქრის და მიხარია ქუჩაში სეირნობა. ოღონდ ვერ ვიტან უშნოდ რომ დადიან ქუსლიანი ფეხსაცმელებით. თუ ვერ ფლობ თავს რატომ იცმევ?

მაინც ადრე მივედი დარბაზში, ნონა როგორც ყოველთვის მშვენიერ განწყობაზეა, იცით რა გადამდებია კარგი ხასიათი?

ვარჯიშის მერე მყუდროდ მოვკალათდი და იქვე ჩავამთავრე წიგნი. ძალიან მომეწონა, თხრობის მანერა და ერთიდაიგივე ფაქტების ორი ადამიანის თვალით ყურება. ჩემი აღფრთოვანება ნონასაც გადაედო, წიგნი დავუტოვე, მერე ვიმსჯელებთ წაკითხულზე. სწორად მოიქცა თუ არა ბენი ან დეზირე??? კარგი სექსი არ ნიშნავს ურთიერთობების სრულყოფას, არადა ყველას პირიქით ჰგონია.

2 ხდებოდა სახლში, რომ მოვედი, პარკებით დატვირთული, კომპიუტერი არც ჩამირთავს მთელი სახლი დავაწკრიალე, ჩემი გარდერობი მწყობრში მოვიყვანე, ზაფხულის სამოსი ამოვყარე და ყველაფერი მოვიზომე, ფეხსაცმელებიდან დაწყებული ფერადი და ფრიალი შარვლებით თუ კაბებით დამთავრებული, მერე ყველაფერს ადგილი მივუჩინე და კარტოფილის და ყველის ღვეზელები დავაცხე, ამასობაში დანი და დათუნაც მოვიდნენ, მე ძალიან მენატრებოდა მეიდანი და სასეირნოდ წავედით.

ხო, ნინოც მენატრებოდა
და რიყეზე და ძველ ქუჩებში ბოდიალი.

23 thoughts on “დღეს

    • შენ კიდევ პირადად ჩემგან მადლობა, ასეთი მშვენიერი წიგნების შესახებ რომ წერ. მერე აღარ მჭირდება მარჩიელობა-ზუსტად ვიცი რომ მომეწონება

    • რომ გითხრათ, ლინკზე გადასვლა დამჭირდა, რომ გამეგო, ვისი დამსახურება იყო-მეთქი, ტყუილი იქნება, არც დამიჯერებთ და რა ძალა მადგას – არ ვიტყვი :))

  1. შემშურდა თეთრი შურით 🙂 ამ ყველაფრის გასაკეთებლად მინიმუმ სამი დღე დამჭირდებოდა 🙂

    • კიდევ ბევრი რამე გავაკეთე, მაგრამ აღარ დავწვრილმანდი… 🙂 მაგარი ვარ რა!!!:)

    • ვიცი და მწყინს;
      ხო მშვიდის რა მოგახსენო მაგრამ სასიამოვნო კი იყო.

  2. რა საგაზაფხულო განწყობა შემოიტანე თამი :))) მშვენიერი დღე გქონია

  3. რა ყოჩაღი ხარ თამ ❤ როგორ მინდა მეც ვარჯიში 😦

    ამ ბოლო დროს აღარ მეზარება დილით ადგომა, თბილა და ხალისიანად ვიღვიძებ. ნეტავ სულ ზაფხული იყოს ❤

    • ვარჯიშიც კარგია გაზაფხულზე და უბრალო ბოდიალიც, საქმეც და უსაქმურობაც

  4. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. არაჩვეულებრივი დღე გქონდა, თბილი და მზიანი!

  5. შევსანსლე ეგ შენი გემრიელი პოსტი. მე ვფიკრობ, რომ შენს გარშემო სიმშვიდე არც არასდროს იქნება, რაღაცნაირი ძალიან ემოციური და ტემპერამენტიანი მგონიხარ, პარალელურად საინტერესო და საერთოდაც რაღაცა მემშობლიურები. .
    მეც როგორ მიჭირს ადრე ადგომაა, აი საშინლად 😦 ერთ ბედს ქვეშ ვართ აშკარად, ხო და კიდევ მეც საოცრად მაღიზიანებს ახლანდელი უზრდელი თაობა. ისეთი საყვარლები არიან ხოლმე ბებრები, ბავშვებივით, მოვალეობის გრძნობამდე დახმარების სურვილმა უნდა გძლიოს, მე თუ მკითხავ..
    რა კარგია რომ ვარჯიშობ, მე აგერ უკვე 3 წელია ვაპირებ და სად ჯანდაბაში ჩავაკვეტო ამ ჩემს გადატვირთულ რეჟიმში არ ვიცი, მაშინ ბავშვებს უნდა მოვაკლდე და ეგრეც არ მინდა..

    • ხო თაკო, ძალიან ემოციური და ტემპერამენტიანი ვარ-ჩემს ირგვლივ არასოდეს არაა სიმშვიდე, და ალბათ ვერც ვერასდროს იქნება.

      დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი კომენტარისთვის, და დასკვნებისთვის.

      პ.ს. აბსოლუტურად სწორი დასკვნებია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s