Archive | ოქტომბერი 2015

ბიძა

საყვარელი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ

არ უნდა კვდებოდნენ ახალგაზრდები და სიცოცხლით სავსენი.

ამ ზაფხულს ისრაელში სამი კვირა გავატარე. მოვინახულე ყველა საინტერესო ადგილი,მუზეუმი და ღირსშესანიშნავი ადგილი.

იერუსალიმში ვცხოვრობდი.

და ერთ საღამოს ვიფიქრე ვესტუმრები ჩემს ბიძას იქნებ უკანასკნელად უნდა  ვახო მეთქი.ვიცოდი რომ ძალიან ცუდად იყო და ვიცოდი რომ ვერაგი კიბო ნელნელა ჭამდა მის სიცოცხლეს თუმცა ასე უცებ აღსასრულს არ ველოდი.

ავიღე ჩემი  ჩანთა და სამგზავრო ბილეთი. შემდეგ ძალიან ვინანე რომ ტაქსით არ წავედი. სამი ავტობუსის გამოცვლა მჭირდებოდა და სადღაც შუა გზაზე დავიკარგე. დავიკარგე ცუდად ნათქვამია – ისე გამიჭირდა ბოლო ავტუბისის გაჩერების მიგნება რომ გვარიანად შემომაღამდა.

ზოგადად ფარ-ხმალის დაყრა არ მჩვევია და ამ შემთხვევაში არ ვიცი რატომ დავბრუნდი უკან.

რატომ არ ვნახე ბიძაჩემი ბოლოჯერ

რატომ

ალბათ მინდოდა მისი სახება ჩემში დარჩენილიყო მხიარული, ჯან-ღონით სავსე და ბედნიერი

მოგვიანებით

(ზუსტად ერთი კვირის  შემდეგ გარდაიცვალა და როდესაც მის სახლში მივედი ის სამუდამუდ იყო წასული სახლიდანაც და ოთახიდანაც)

წიგნებში ჩაფლული მისი ოთახი ვნახე. გადაშლილი წიგნები და  გაშლილი საჭადრაკო დაფა

ყველაფერი ისევ ისე იყო… თითქოს მათი პატრონი ეს ესაა შემოვიდოდა გადაფურცლავდა წიგნებს- შემომცინებდა ახალი რა წაიკითხეო. რა ხდება ჩემს სამშობლოში მომიყევიო. ენატრებოდა საქართველო, მის ნატვრაში დალია სული.

მაგრამ აღარასოდეს აღარ შევა თავის ოთახში

ვერც თავის წიგნებს გადაიკითხავს

ვეღარც თავის საყვარელ ჭადრაკს ეთამაშება ვერავის.

და ეხლაც,როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ ვერ ვიჯერებ რომ ეს საყვარელი ადამიანი აღარ არის ამ ქვეყანაზე.

და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჩემს მეხსიერებას მხიარული და ბედნიერი შემორჩება ჩემი უსაყვარლესი და უტკბილესი ბიძა …

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი.