არქივი

კიდევ ერთხელ

უკვე სათვალავი ამერია რამდენ გასართობზე გიამბეთ,რომლითაც თავს ვიქცევ ხოლმე მოცალეობის ჟამს. უმეტესობა საკმაოდ სულელურია,მაგალითად საფეხურების დათვლაც კმარა, აღარ განვავრცობ.
Continue reading

Advertisements

ჩემი კოშმარებიდან

დილიდანვე აგყოლიათ უჟმური?

მე კვირაში ხუთი დღე მარცხენა ფეხზე ვდგები. ჭიქების და თეფშების დამსხვრევა, ყავის,ჩაის,წვენის,წყლის კომპიუტერის კლავიატურაზე გადავლება,გაყვანილობებისთვის ფეხის წამოდება.
Continue reading

შემთხვევით-ობა

1987-1992

დავიბადე თბილისის ულამაზეს და უძველეს უბანში, ძველი ქალაქი ალბათ ამიტომაც მიზიდავს დღემდე- ჩვენ (მე და ძველ თბილისს) იდუმალი ძაფები გვაკავშირებს. Continue reading

მიზნები და შედეგები

კარგა ხნის წინ გადაწყვიტა ცხვირის რინოპლასტიკა გაეკეთებინა. მიზანი დაისახა მეთქი ვიტყოდი, რადგან ოპერაციის ფული თავად უნდა გამოემუშავებინა. ერთი შეხედვით ადვილი სათქმელია, არც ოთხი ათასი ლარია ისეთი თანხა, რომ ვერ გადაენახა. რთული უდროობის რეჟიმი, დილის 6 საათზე ადგომა, უნივერსიტეტი, ლექციები, საკმაოდ შრომატევადი სასწავლო პროგრამა და ამ ყველაფერთან სამსახურის შეთავსება იყო. Continue reading

ერთი ნაბიჯი

“ადამიანზე არ უნდა თქვა ბედნიერიაო, სანამ არ მოკვდება” – ამოტივტივდა გონებაში სადღაც წაკითხული

არადა ბედნიერი ვარო ხშირად ფიქრობდა.
მშვენივრად გამოიყურებოდა 45 წლის ასაკში. რესპექტაბელური სამსახური, საყვარელი მამაკაცი გვერდით და სამი ზრდასრული, წარმატებული შვილი.

ალბათ ეს არის ბედნიერება.
როდესაც არ გაწუხებს მატერიალური პრობლემები, სამსახურში იოლად ართმევ თავს საპასუხისმგებლო მოვალეობებს, თავისუფალ დროს ძვირფას რესტორანში სადილობ, ძვირფას მეორე ნახევართან და შემდეგ ძვირფასი ავტომობილით ბრუნდები ფეშენებელურ ბინაში.

ხო, მერე რა ქვეყნად უამრავი უბედურება თუ ხდება-მთავარია შენ აგცდეს, ერთი ნაბიჯით ჩაგიაროს გვერდზე.
მაგრამ ხანდახან ერთი ნაბიჯი მთელს ცხოვრებას ცვლის.
ერთი ნაბიჯი აშორებს ბედნიერებას უბედურებისგან.

ერთი საათის წინ ვერაფრით წარმოიდგენდა:
ყოვლისმომცველი სიცარიელე,
უკიდეგანო ტკივილი…

როდესაც თვითონ დელიკატესებით ვახშმობდა, წითელ ღვინოს აყოლებდა და გულიანად იცინოდა
მისი შვილი სიკვდილს ებრძოდა
უმცროსი ბიჭი
ჭკვიანი
ლამაზი
ნაკითხი
ზრდილობიანი
მუდამ მომღიმარი
და კეთილმოსურნე

5 ტყვია შუბლში
დამახინჯებული ცხედარი.

***

გონს საავადმყოფოს თეთრ პალატაში მოვიდა
ნამდვილად არ უნდოდა სიცოცხლის გაგრძელება
მთელი ფლაკონი დასაძინებელი აბები ჩაყლაპა
მაგრამ ეს ექიმები
კეთილისმყოფელები
ვის ესმის, რომ ცხოვრება აღარ სურს.

“ადამიანზე არ უნდა თქვა ბედნიერიაო, სანამ არ მოკვდება” – ამოტივტივდა გონებაში სადღაც წაკითხული.

მამა

პატარა დაობლდა.
ჯერ მამამ მიატოვა ოჯახი, მას შემდეგ თვალითაც არ უნახავს, თუმცა მამიდა თავისებურ მეურვობას უწევდა ბავშვებს.
სამი შვილის დედას, ოჯახის რჩენის ტვირთი დააწვა სუსტ მხრებზე.
თავი არ დაუზოგავს
მუშაობდა, რომ ლუკმა პური არ მოჰკლებოდა შვილებს.

თუმც, ცუდ ამბებს ეულად არ უყვართ სიარული.
უფროსი ძმა მეთერთმეტე კლასში იყო, თავად მეათეში, უმცროსი და კი მეცხრეში. უდრტვინველად ცხოვრობდნენ-სანამ დედაც ლოგინად არ ჩავარდა. მოკლე ხანში კი სევდით სავსე სული უფალს მიაბარა.

რას გრძნობდნენ?
უპატრონოდ დარჩენილი მოზარდები, რას გრძნობენ ხოლმე ობლად რომ რჩებიან…
პასუხი არ მაქვს, თავად არ გამომიცდია და არც ამ თემაზე მისაუბრია შენთან, მამა.

დაიწყო წლები
სიმძიმით, გაჭირვებით და ტკივილით სავსე.
სკოლაშიც სწავლობდა, თავისუფალ დროს ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა იყო.
უმცროსი და, მათი მოტანილი საარსებოდ საჭირო მინიმუმიდან უგემრიელეს კერძებს ამზადებდა. მუდამ წკრიალი გაჰქონდა პატარა და ლამაზ სახლს.
ბიჭებს ობლობა არ ეტყობოდათ.
დაიკოს მზრუნველი ხელი სიძველისგან გაცრეცილ სამოსს სიყვარულით აცისკროვნებდა.

ლამაზები და კოხტები
მუყაითები და შრომისმოყვარენი…
ნაცნობ-მეგობრებიც ხელს უმართავდნენ როგორც შეეძლოთ.
ებრძოდნენ ცხოვრებას.
დღეები
თვეები
წლები

სხვა ალბათ სასმელში ჩაახრჩობდა დარდს
ცუდ წრეში მოხვდებოდა და ციხეში ამოყოფდა თავს.
წამალს მიეძალებოდა
ან არ ვიცი, როგორ ფუჭდებიან ხოლმე ცხოვრებისგან განწირული ადამიანები.

მაგრამ, ის სხვა არ იყო.

ინსტიტუტის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, ერთი შავგვრემანი, თავნება გოგო მოიყვანა ცოლად და გორიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

განუწყვეტლივ შრომობდა.
არაფერს თაკილობდა.
ღმერთს უყვარს, ალბათ მუყაითი ადამიანები.
პატარა ბიზნესი – დიდ ბიზნესად იქცა.
პატარა ბინა ქალაქგარეთ-მშვენიერ საცხოვრებლად.
დანჯღრეული 08 -ბოლო მოდელის კრაისლერად.
ბევრი შვილი
წარმატება
ცოტა რისკი
გაუმართლებელი ნაბიჯი
ტანჯვით მოპოვებული კომფორტი და სტაბილურობა ქარმა წაიღო.

სხვას გაუჭირდებოდა.
სასმელს მიეძალებოდა
ცხოვრება მოძულდებოდა
ან არ ვიცი, როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებსაც წლობით მიღწეული – ერთ დღეში ნაცარტუტად ექცევათ…

მაგრამ, ის სხვა არ იყო.

ცხოვრება მერამდენედ დაიწყო ნოლიდან.
ემიგრანტობა
გაჭირვება
შიმშილი
ძვირფასი მანქანიდან – ავტობუსის გაჩერებაზე.
საკუთარი სახლიდან – ნაქირავებ ბინაში.
საკუთარი ბიზნესის მართვიდან – სხვისი ბიზნესის სადარაჯოზე.

გიფიქრიათ ოდესმე, რომ ცხოვრება ყველაზე სარკასტული, ირონიული და სასტიკი რამაა?
არა – მას არა.

არც ეს ისტორია მთავრდება ცუდად.
ოდესმე კვლავ მოვიმარჯვებ კალამს, რათა ახდენილ ოცნებებზე, გამართლებულ იმედებზე და შენი ცხოვრების ბედნიერ წუთებზე დავწერო
მამა…

მეძავი

-შენგან მივიღე სიამოვნება, შენ კი ფული, ასე რომ დროა წახვიდე, სანამ ვინმე მოსულა სახლში.

ქალი უხალისოდ წამოდგა, კოხტად მიწყობილ სამოსს დასწვდა და ჩაცმა დაიწყო.

არც ლამაზი ეთქმოდა, არც გემოვნებიანი, მომხიბვლელი ან დახვეწილი, თუმცა საკუთარი სხეული, მაინც მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. განათლება არ მიუღია, 9 კლასი ძლივს დაამთავრა, ამიტომ არც ამბიცია აწუხებდა. უბრალო დამლაგებლის ´´თანამდებობაც´´ მისთვის მიუღწეველი ოცნებად რჩებოდა. (რამდენჯერმე სამუშაოდან გამოაგდეს დამტვრეული ძვირფასი ჭურჭლის, დამწვარი არმანის პერანგის და კიდევ ვინ მოსთვლის რის გამო.)

Continue reading