Archives

დაინახეთ ის, რაც სიმართლეა

ჩემო ქართველო მეგობრებო

ნაცნობებო და უცნობებო

პატარებო და დიდებო

ვისაც მოგწვდებათ ჩემი ჩანაწერი ყველას

განურჩევლად სქესის და ასაკისა

განურჩევლად ეროვნების და სარწმუნოებისა

განურჩევლად სოციალური მდგომარეობის და განათლებისა

განურჩევლად პოლიტიკური შეხედულების და ოჯახური მდგომარეობისა

მე ვცხოვრობ ისრაელში,დავიბადე საქართველოში.
ვმუშაობ ისრაელში,განათლება მივიღე საქართველოში.
ვზრდი 6 წლის შვილს, რომელიც დაიბადა საქართველოში
რომელიც სწავლობს ივრითულად, მაგრამ მღერის ქართულად
რომელიც თორას კითხულობს ივრითულად და ცეკვავს ქართულად
რომელსაც უხარია ქართულად და ეშინია ივრითულად

და უფრო მეტად ეშინია…

მე ვარ ქართველი ებრაელი,ისევე როგორც ჩემი ოჯახი
მე მაქვს ორი სამშობლო და ერთი სარწმუნოება
მე მაქვს ორი ქვეყნის მოქალაქეობა და მყავს ერთი ღმერთი

მე ვტიროდი როდესაც აგვისტოს ომში დაიღუპნენ ქართველი ვაჟკაცები და ვტირი ეხლაც,
როდესაც გმირულად დაეცნენ ებრაელი ჯარისკაცები

მე ვტიროდი როდესაც იბომბებოდა ჩემი მშობლიური ქალაქი გორი
და ვტირი ეხლაც, როდესაც იბომბება ყველა ქალაქი ისრაელში

მე გავიარე შიში, ტკივილი, უსამართლობა და სიძულვილი საქართველოში

უფრო მძაფრად განვიცდი აქ, ჩემს სამშობლოში,ისრაელში
მესმის რომ თქვენთვის ძნელია დაინახოთ ისრაელის სიმართლე
გთხოვთ ნუ დაინახავთ ხამასის ტყუილსაც
მესმის რთულია მხარი დაუჭირო წელში გამართულ ქვეყანას,როდესაც საწყალი მოსახლეობა ზარალდება მეორე მხარეს
ნუ დაუჭერთ მხარს ტერორისტებს, ისინი მანიპულირებენ თქვენით

ჩვენ არ ვითხოვთ თქვენგან სიბრალულს,ჩვენ ამაყები ვართ
არ გევედრებით მატერიალურ დახმარებას,ჩვენ არ გვიჭირს
არ გთხოვთ მორალურ მხარდაჭერას,ჩვენი სული გაუტეხელია,
ფსიქიკა დაუნგრეველი
გონება გამჭრიახი…

გევედრებით მხოლოდ ერთს!!!!!!

დაინახეთ ის, რაც ნამდვილად სიმართლეა

10451780_692163910838368_416335430733058634_n

ესთერ იოსებაშვილი
ისრაელი, აშდოდი

P.S. ეხლაც,ამ წუთებშიც სირენა გაჰკივის ჩემს ქალაქში….

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

რა არის დაუნის სინდრომი?

ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დარღვევა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ასევე არსებობს დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები:

ტრისომია

ყველაზე ხშირი დარღვევა, როდესაც დედის ან მამის სასქესო უჯრედის დაყოფისას არ ხდება 21-ე წყვილი ქრომოსომის განცალკევება და განაყოფიერების შემდეგ ტრისომიული ზიგოტა იქმნება. ამ შემთხვევაში ორგანიზმის ყველა უჯრედი ატარებს ანომალიას. ვლინდება დაუნის სინდრომის 95%-ში.

 ტრანსლოკაცია

უჯრედის დაყოფისას 21-ე ქრომოსომა მოწყდება და მიემაგრება სხვა, ყველაზე ხშირად მე-14 ქრომოსომას. უჯრედებში ქრომოსომათა რაოდენობა ისევ ორმოცდაექვსია, მაგრამ 21-ე ქრომოსომის დამატებითი ნაწილი იწვევს დაუნის სინდრომს. მიიღება არაბალანსირებული კარიოტიპი (ამა თუ იმ ორგანიზმის უჯრედებისათვის დამახასიათებელი ქრომოსომების ნიშან-თვისებების ერთობლიობა).  ვლინდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა 3 -4%-ში.

 მოზაიციზმი

განაყოფიერების შემდეგ ემბრიონის უჯრედის გაყოფის დროს არ ხდება 21-ე ქრომოსომის დაშორება. ამ დროს ჩნდება უჯრედების ორი ტიპი: ზოგი ბირთვი შეიცავს 46 ქრომოსომას, ზოგი კი 47 ქრომოსომას. პირველისგან განსხვავებით ეს ფორმა უფრო მსუბუქია, რადგან ანომალია არ აღინიშნება ორგანიზმის ყველა უჯრედში, თუმცა მისი დადგენა რთულდება პრენატალური დიაგნოსტიკის დროს. გვხვდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა 1 – 2%-ში.

დაუნის სინდრომს აქვს ყველაზე თვალშისაცემი ფიზიკური გამოვლინება, იწვევს გარეგან ფიზიკურ მახასიათებლებს. სინდრომი პირველად აღწერა ჯონ დაუნმა 1866 წელს,ხოლო 1959 წელს  ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად შეაფასა, როგორც ქრომოსომული ანომალია. დაუნის სინდრომის დროს თანდართულ დაავადებებს მიეკუთვნება:
გულის თანდაყოლილი მანკი, ბავშვობის პერიოდის ლეიკემია, მხედველობის, სმენის და საჭმლის გადამუშავების პრობლემები.

2006  წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე.დღე და თვე  შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას თარიღი აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

რაში მდგომარეობს პრობლემა?

  • საზოგადოება, რომელშიც სხვადასხვა სტერეოტიპი, კლიშე და სტიგმა ყალიბდება, ყველაზე დიდი პრობლემაა როგორც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და მეურვეებისთვის
  •  ამ სინდრომის დადგენა ორსულობის ადრეულ სტადიაშია შესაძლებელი, არაკომპეტენტური  ექოსკოპისტების უმრავლესობა მშობელს ნაყოფის მოშორებას ურჩევს. ჩემი აზრით ეს  კრიმინალია და  ავტორები კანონით უნდა ისჯებოდნენ
  • ადამიანებისთვის რთულდება საზოგადოებასთან ინტეგრაცია. ამ განხრით არაკვალიფიციური პედაგოგები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების სათანადო განათლებას.
  • დასაქმება

  • მშობლები, რომლებიც ერიდებიან განსხვავებულ შვილებთან ერთად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოჩენას.

  • უმეცარი ადამიანები, რომლებიც სიტყვა დაუნს კნინობით ფორმად იყენებენ
  • დროა ვისწავლოთ ადამიანების, გამორჩეული ადამიანების პატივისცემა. მათ შეცოდება და ტკივილის მიყენება კი არა, თანადგომა და შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდებათ.

    უთვალავი წინდა

    2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის“ ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

    მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

    ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას – წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.არასათავრობო ორგანიზაციების „ვიმეგობროთ“ და „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი” ჩვენი ბავშვების ეგიდით „უთვალავი წინდის“ იდეას წელს საქართველოც უერთდება. 21 მარტს მოქალაქეებს შეეძლებათ ფერადი წინდის შეძენა და მისი სხვადასხვა სახის აქსესუარად გამოყენება. უჩვეულო შტრიხი საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს დაუნის სინდრომთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს. „უთვალავი წინდით“ უთვალავი მოქალაქე ხელს შეუწყობს იმ სტერეოტიპების რღვევას,რომლებიც ერთი მხრივ არასწორ წარმოდგენას ამკვიდრებს საზოგადოებაში, ხოლო მეორე მხრივ თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა და მათი ოჯახის წევრთა იზოლირებას იწვევს.

    არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქტივობები:

    21 მარტს ღონისძიებების განრიგი:

    11.00-12:00 – მხარდამჭერი მსვლელობა – 55-ე სკოლიდან ფილარმონიამდე – ა/ო „ვიმეგობროთ“ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მონაწილეობით ანა ჩანგიანისა და ზალიკო ბერგერის საბავშვო კოლექციის ჩვენება, ეროვნული ბიბლიოთეკა – ა/ო „მზის შვილები“.

    16-17:00 – სამუშაო შეხვედრა – დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულფასოვანი სამედიცინო მეთვალყურეობის თემაზე, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ – კავშირი „ჩვენი ბავშვები“.

    19:00 – დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდამჭერი საღამო „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ .

  • გამყიდველებს, რომ არ ვეზიზღებოდეთ…

    კარგი იქნება არა?

    რამდენიმე დღის წინ ფბ-ზე ყველა ადამიანის ოცნებას წავაწყდი ლექსად ქცეულს.

    მაინც რანი ვართ ადამიანები. ცხადია რთულია, დღეში ასზე მეტ მყიდველს გაუღიმო როდესაც მილიონი პრობლემა გაქვს,მაგრამ თავად ისე მიხალისებს ცხოვრებას, თუნდაც მაღაზიაში პურის საყიდლად შესულს, გამყიდველის ღიმილიანი დილამშვიდობისა, რომ მეც ანალოგიურად ვექცევი სტუმრებს. ღიმილი ხომ ყველაზე მშვენიერი რამაა ქვეყნად. Continue reading

    მარტო

    რამდენიმე დღეა ზაფხული ერთი წლით დაგვემშვიდობა და ადგილი ჯერჯერობით უჟმურ შემოდგომას დაუთმო.
    Continue reading

    ის, რაც გვაკლია საქართველოში

    17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ,  ხშირად მიფიქრია როდემდე გაგრძელდება საქართველოში განსხვავებული ნიშნით ადამიანების დევნა და მათი დისკრიმინაცია?!

    10 ივნისს გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საკუთარი ბლოგის პრეზენტაციის გარდა, სოც. მედიის წარმომადგენლებს ერთი კანონპროექტის მონახაზიც წარმოგვიდგინა. Continue reading

    3 ქალაქი, რომელიც მიყვარს

    დიდხანს ვიფიქრე თუ ცოტა ხანს, ჩემი საყვარელი და საოცნებო ქალაქების სამეული შევადგინე. ამათგან არსად არ ვარ ნამყოფი და პერსპექტივაში კიდევ დიდხანს ვერცერთს ვერ ვნახავ. ხოდა რადგანაც მოგზაურობის და დასვენების სეზონია(მიყვარს ზაფხული, ბევრი მზე, ცისფერი ცა და მწველი სიცხე) მოგიყვებით ჩემს საოცნებო ქალაქებზე. Continue reading

    ძალადობა რელიგიის სახელით

    ჰომოფობია

    ჰომოფობია (ბერძნ. ὁμοφοβία — ὁμοιος ჰომოიოს – „იგივე“, „ტოლი“ და φόβος ფობოს – „შიში“) — ტერმინი ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ. გამომდინარეობს სიტყვებისგან ჰომოსექსუალი და ფობია. Continue reading

    კონტრაცეპტივები და აბორტები

    მართალია ექიმებთან სიარული არავის უყვარს, მაგრამ ხანდახან აუცილებელი და გადაუდებელიც კია დრული გამოკვლევების ჩატარება. მეც დიდხანს ვითრევდი ფეხს მაგრამ გინეკოლოგთან ვიზიტს ვერ გავექეცი და მთელი ნახევარი დღე ავადსახსენებელ კლინიკაში გავატარე.

    რადგანაც ჩემს გამოკვლევებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, მთელი სამი საათის გატარება მომიწია კლინიკაში, მიხვდებით ალბათ ამ სამი საათიდან საათნახევარი რიგში დგომამ რომ წამართვა. მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ის, რის გამოც კლინიკიდან დათრგუნული და განადგურებული წამოვედი. არა, ჩემს ჯანმრთელობასაც საფრთხე არ ემუქება, საქმე უფრო მასშტაბურ და გლობალურ პრობლემას ეხება. რატომღაც არ მეგონა, რომ აბორტი და შემთხვევითი ორსულობები ისევ რიგით პირველი პრობლემა იქნებოდა ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ ერთ საცოდავ კლინიკაში “ათიოდე” ქალმა თუ მოიყარა თავი, (მთელი საქართველოს მასშტაბით რა იქნება) რომლებსაც შემთხვევით კონტრაცეპტივის დალევა დაავიწყდა, პრეზერვატივი საჭირო დროს და საჭირო ადგილას არ აღმოჩნდა (ისე საინტერესოა, შენ თუ არ იზრუნე ამაზე თვითონ ხომ არ მოფრინდება?!), ან უბრალოდ ბოლო ციკლიდან 2,5 თვე ისე გავიდა, რომ ვერც ტესტი გაიკეთა ან არ მიუქცევია ყურადღება, რომ ციკლი უბრალოდ შეწყდა, ხოლო მის მეუღლეს მესამე შვილის გაგონებაც არ სურს და მორჩილი ბოჩოლასავით გაემართა აბორტის გასაკეთებლად. მოკლედ ათივე ისტორიის მოყოლით არ შეგაწყენთ თავს, თუ ექოსკოპიის კაბინეტის წინ გვარიან დროს დაჰყოფ დარწმუნებული ვარ საკუთარი ყურითაც ბევრს მოისმენ.

    ცხოვრებაში რა თქმა უნდა ყველაფერი ხდება, მაგრამ ინტენსიური ხასიათი ხომ არ უნდა მიეცეს იმ უყურადღებობას და უპასუხისმგებლობას, რასაც შემდეგ პრობლემებისგან თავის არიდება(აბორტი) მოჰყვება. ერთმა ახალგაზრდა გოგონამ შოკში ჩამაგდო, როცა უსირცხვილოდ გამოაცხადა მეთორმეტე აბორტს ვიკეთებო. აქ უკვე ბოღმა შემომაწვა და ვკითხე კონტრაცეპტივებზე, თავის დაცვის უამრავ საშუალებაზე რატომ ამბობდა უარს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თვეში ერთი აბორტი უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ათი შეკვრა პრეზერვატივი. თურმე მის პარტნიორს არ სიამოვნებს სექსი პრეზერვატივით. ამიტომ ამ უკანასკნელმა თითქმის ყოველთვე აბორტის გასაკეთებლად უნდა იაროს.

    577878_329909993741542_1278720577_n
    ვფიქრობ ყველამ უნდა ნახოს რას უშვებიან ნაყოფს ამ დროს.

    ოხ, აღარ გავაგრძელებ. ძალიან ცუდი რომ თვალებს ვიბრმავებთ და ყურებს ვიყრუებთ. ხოლო აბორტის გასაკეთებლად კი კვლავ რიგები დგას თურმე.

    ამ პოსტს თუ თვალს გადაავლებთ ნახავთ რამდენი სახეობის კონტრაცეპტივი არსებობს დედამიწის ზურგზე და იმედია თქვენთვის შესაფერისს აღმოაჩენთ ოდესმე!!!

    მეურვე

    რა თქმა უნდა ეს სიტყვა ყველას გაუგია, ერთი ჩვეულებრივი და რიგითი სიტყვაა, ოღონდ ამ სიტყვას ამოფარებული სიტუაციები, ადამიანები და ისტორიებია მრავალფეროვანი.

    რამდენიმე ხნის წინ ერთი ისტორიის უნებური, უტყვი მოწმე გავხდი, რაც არ არის სასიამოვნო თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს და იმასაც, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია.

    ხანდახან ბოროტ ადამიანებს მზაკვრული გეგმები მოსდით თავში, უსუსური და უმწეო ადამიანით მანიპულირება ადვილია, არც მის ხარჯზე ცხოვრებაა ცუდი და ბოლოს, პატარა ბინით პრესტიჟულ უბანში, პირის ჩატკბარუნებაა- უანგარო სიკეთისა და ზღვარგადასული ქველმოქმედების დამსახურებული ჯილდო.

    DSCN4974

    ხო, ერთ მოხუც ქალზე გიყვები ჩემს მეზობლად, რომ ცხოვრობს. პატარა, დანგრეულ, ჭუჭყიან და გაყინულ თაგვის სოროში (ისე 35კვ.სმ თაგვის სოროც, კარგა გვარიან თანხებს ნიშნავს-მდებარეობის და გამო). ქალს ძალიან სასაცილო მეტსახელი, სოციალურად დაუცველის სტატუსი და სულიერად ავადმყოფის იარლიყი აქვს.
    და კიდევ მეურვეც ჰყავს.

    თავის თავს კარგა ხანია მეურვეს ეძახის. დეპრესიების და შაკიკების მიუხედავად, მაინც მხნედ გამოიყურება. სამეურვეოს საბუთებს დიდი ხანია დაეპატრონა, პენსიას და სუციალური დახმარებას თავად განაგებს, თავისებურად უვლის კიდეც ავადმყოფს -ოღონდ ამ უკანასკნელის სახლიდან მუდამ ნაგვის და ჭუჭყის მძაფრი სუნი გამოდის.

    ამ ყველაფრის მიუხედავად მთელს სამეზობლოს ყური გვაქვს მოჭრილი: როგორ უვლის ავადმყოფს, აჭმევს, ბანს, გამათბობელიც უყიდა (თუმცა ბინაში შესულს ატირებამდე საშინელი სიტუაცია დამხვდა. ნაგავი, ჭუჭყი და ბალიშის და საბნის გარეშე, ვიწრო საწოლში გაშოტილი, აკანკალებული ჩია ქალი. რასაკვირველია არც გამათბობელი იყო სადმე, შეკითხვაზე კი ურცხვი პასუხი: “ამას გათბობა რაში სჭირდებაო”.) ყოველ შემთხვევაში, როცა ვუსმენ მის საგმირო საქმეთა ჩამონათვალს მგონია, რომ ანგელოზთან მაქვს საქმე.

    ბოროტ
    ანგარებიან
    მზაკვარ
    მატყუარა ანგელოზთან.
    საუბარში (რა შუაში იყო არ ვიცი)უკმეხად მომახალა მეურვე მე ვარ და ბინაც ჩემია, მეურვეს დარჩებაო)

    რატომ გამიკვირდა?!
    რატომ განვიცდი?!

    მეცოდება საწყალი და უპატრონო,
    შეურაცხადი.

    საახალწლო

    არ გეგონოთ რომ რაიმე კარგს წაიკითხავთ ამ

     პოსტში, თუ ამის იმედად შემოხვედი ჯობია

    ახლავე შეწყვიტო კითხვა.

    მოგეხსენებათ ახალი წელი ახლოვდება,  დილაც საძაგლად  თბილისისთვის ჩვეული თოვლ-ჭყაპით დაიწყო. ალბათ უნდა შევეჩვიო ესეთ დილებს და ხალხის ბედნიერ სახეებს-ახალი წელი, ახალი წელი ხომ ყველას პირზე აკერია.  აი ახალი წელი მოვიდეს და მერე, ახალმა წელმა ჩაიაროს და მერე.  დღესასწაულებს რომ ვერ ვიტან ერთია, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი დღეები მაღიზიანებენ როდესაც ხალხი ჭამა-სმის, ლოთობის, ღრეობის და დროსტარების გარდა არაფერს აკეთებს. ამ დროს, უფრო მეტად   მეცოდებიან გაჭირვებულები, უსახლკაროები, პენსიონერები. მოკლედ ყველანი ვინც ამ საერთო ბედნიერების ნამცეცებსაც ვერ კენკავენ.

    ორიოდე კვირა გავიდა რაც მარკეტში  საშინელი ფაქტის მოწმე გავხდი – უბრალო ვერ ვივიწყებ, თავიდან არ ამომდის. შეიძლება მე ვარ ძალიან ემოციური ან ეს ქვეყანა, თავის მობინადრეებიანად   უბრალოდ ერთი დიდი ნაგავია.

    53-285_large

    -არა უფრო ცოტა.
    გამყიდველის ირონიული გამოხედვა დავიჭირე და გული მომეწურა.
    -ამდენი?
    -კი იყოს.
    გამყიდველმა მოხუცს ყველის პატარა ნაჭერი მიაწოდა.
    – 80 თეთრი-უთხრა უკმეხად. ჩქარობდა არასასურველი კლიენტის გაშვებას. სახეზე ირონია დასთამაშებდა, უცებ ჩემს გაყინულ და გაბოროტებულ მზერას წააწყდა, ჩემს თვალებში ამოიკითხა რასაც ვფიქრობდი.
    -ყველაფერი ძვირდება, ცუდი ახალი წელი გველის. ჩაილაპარაკა ბოდიშის მოხდასავით. თუმცა მოხუცს პაწაწინა პარკი აეღო და კარებს მიღმა გაუჩინარებულიყო.

    P.S.თვალებით და გაყინული მზერით კი არა, პირდაპირ და გამოწვლილვით უნდა მეთქვა რას ვფიქრობ მისნაირ არარაობებზე, ამდენხანს არ გამყვებოდა ჯავრი.