Tag Archive | ჩარლი ჩაპლინი

ჩარლის ფილმები

პოსტის პირველი ნაწილში ჩარლის ძირითადი ბიოგრაფიით შემოვფარგლე, აქ კი მისი ფილმების შესახებ მოგიყვებით, რომელიც კინემატოგრაფიის ისტორიაში არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი, სადაც მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია იყო “წვიმაში მოხვედრილი”, რომელიც 1914 წელს გადაიღო. ამ ფილმში თავად იყო სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი.

კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე, რითაც გააბათილა კრიტიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გმირის ფსიქოლოგიას მუნჯი კინო ვერ გადმოსცემს. “პარიზელ ქალში” გმირის ფსიქოლოგია მეტად ფაქიზი შტრიხებითაა გახსნილი.

ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. ჭეშმარიტად გამგებმა მყურებელმა აღტაცებით მიიღო. ეს იყო პირველი მუნჯი კინო, სადაც კარგად მოიძებნა ირონიის და ფსიქოლოგიის გამომხატველი საშუალებანი. ფილმის მოკლე შინაარსი ამგვარია: პროვინციელ ახლგაზრდებს მარის და ჟანს ერთმანეთი უყვართ. მშობლების წინააღმდეგობის გამო, სახლიდან გაპარვას გადაწყვეტენ, მაგრამ ჟანი მამის გარდაცვალების გამო, დათქმულ ადგილზე ვერ მივა. გულდაწყვეტილი მარი პარიზში მარტო მიემგზავრება და თავის ცხოვრებას უკავშირებს მდიდარ, ქალების და დროსტარების მოყვარულ პიერ რიველს. რამდენიმე ხნის მერე, მარი კვლავ წააწყდება ჟანს, რომელსაც მხატვრობა დაუწყია და დედასთან ერთად სახელოსნოში ცხოვრობს. ჟანი მარის პორტრეტს ქმნის და მათი სიყვარული კვლავ აღორძინდება.

საზოგადოების დაუწერელი კანონებით პიერ რიველი მარის შერთვაზე უარს ამბობს და ანგარებით ირთავს მდიდარ ქალს. ჟანის დედაც უარს აცხადებს მარის და მისი ვაჟიშვილის დაქორწინებაზე. ჟანი თავს იკლავს, მარი მიატოვებს მდიდარ საყვარელს და ჟანის დედასთან ერთად სოფლად გადასახლდება.

ამ სურათში ჩარლმა პირწმინდა სიკეთისა და აბსოლუტური ბოროტების დაპირისპირების პრიმიტიული ხერხები უარყო და ფილმი დრამატურგიული და ფსიქოლოგიური ნიუანსებით აავსო. ჩაპლინის, როგორც კინოდრამატურგის ნოვატორობა, იმაში გამოიხატება, რომ მის გმირებს გააჩნდათ როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები, განწყობილების ცვლილება და მერყეობა სიკეთესა და ბოროტებას შორის.tumblr_lxwas2SEOp1qe8zvgo1_500

Continue reading

ჩარლი

დაიბადა ლონდონში, 1880 წლის 16 აპრილს. მამა ჩინებული კომიკოსი ჰყავდა. დედა მღეროდა ოპერეტაში, მერე ვარიეტეში. ბავშვობა ლონდონში, ისტენდის ღარიბების უბანში გაატარა. როდესაც მამამისი გალოთდა და საჭმელი გამოელიათ, ჩარლის ძმას ხშირად უხდებოდა საქველმოქმედო სასადილოდან წვნიანის მოტანა, ჩარლი ვერ მიჰყვებოდა ძმას რადგან ზიარი ფეხსაცმელი ჰქონდათ.

მამის გარდცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ, პატარა ჩარლი(6 წლის) ფულის საშოვნელად ესტრადებზე გამოდიოდა, მეეტლედაც მუშაობდა ქუჩაში და ხანდახან უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

14 წლისამ, როგორც იქნა თეატრალურ ჯგუფში დაიწყო მუშაობა. სკეტჩში “საფოსტო კანტორა” ჩარლიმ მთელი თავის უნარი გამოავლინა, რადგან ეს გადაწყვიტავდა თეატრში მისი ყოფნა-არყოფნის საკითხს. თუ დირექტორი დაიწუნებდა მთელ ოჯახს კვლავ შიმშილი ელოდა. ჩარლიმ ანგაჟემენტი(მიწვევა თეატრში გარკვული დროით და პირობებით) მიიღო.

19 წლის ჩარლი ცნობილი ანტრეპრენიორის, ფრედ კარნოს დასში მიიწვიეს, სადაც თამაშობდა მთვრალ კაცს სკეტჩში “ღამე ინგლისურ კლუბში”. ამ პიესით ჩარლმა მთელი ევროპა შემოიარა, ხოლო ამერიკაში მისი მეორე ვიზიტისას შეხვდა იმ დროის ყველაზე პოპულარულ პროდუსერს მარკ სენეტს, რომელმაც “კისტოუნის” კინოკომპანიაში მსახიობად მიიწვია. ჩარლი მიწვევას დასთანხმდა და ამერიკაში დარჩა საცხოვრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი სხეულის პლასტიკას ვირტუოზულად ფლობდა მაინც არ ეთანხმებოდა იმ დროისათვის კინოში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს: მხოლოდ გარეგან დინამიურობას და “სლეპსტიკის” ანუ გასილაქების მეთოდს.

კატეგორიულად არ ეთანხმებოდა რეჟისორ ლერმანს, რომელიც ძალით ახვევდა პრიმიტიულ გარეგან ტრიუკებს. სულ მოკლე ხანში თავად მოიპოვა რეჟისორის უფლება და ამგვარად მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწია.

1914 წლის, მაისში გადაიღო “წვიმაში მოხვედრილი”. ეს იყო ჩარლის პირველი საავტორო ფილმი. სადაც სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი გმირის შემსრულებელი თავად იყო. მან მოიფიქრა თავისი გმირის იმიჯი, ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკი, ქვაბურა ქუდი, დიდი ფრატუნა ფეხსაცმელები და ხელში ჯოხი. ჩაცმულობამ და გრიმმა თვითონ უკარნახა ვინც იყო, დაუსრულებლად მოსდიოდა თავში კომიკური სიტუაციები და ეპიზოდები.

“ხალხმა არ იცის, რომ იგი, ჩვენი დროის უდიდესი დრამატურგი და რომანისტია, მისმა სამსახიობო ტალანტმა მისი სამწერლო გენია დაჩრდილა.” წერდა ფრანგი კინორეჟისორი რენე კლერი “პარიზელი ქალი”-სადმი მიძღვნილ წერილში. ჩაპლინი იყო ამ ფილმის ავტორი და რეჟისორი. იგი არ თამაშობდა ამ ფილმში, მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანდა კადრში.

კინომცოდნეების აზრით პირველად ჩაპლინმა შექმნა ეკრანზე, პერსონაჟის ფსიქოლოგიური მხარე და გააბათილა ზოგი კრიტიკოსის მოსაზრება, რომ მუნჯი კინო ადამიანის ფსიქოლოგიას ვერ გადმოსცემს.

ჩაპლინმა თავის ფილმებში და შემოქმედებაში უარყო სრული ბოროტება და პირწმინდა სიკეთე. ისინი ერთ მთლიანობაში მოაქცია, თუმცა კონტრასტები ერთდროულობის გარდა დანაწევრებულიცაა, მაგალითად “დიდ დიქტატორში” ჰენკელი ინფანტილური ბოროტებაა, დალაქი კი შეშინებული სიკეთე.

ჩაპლინის შემოქმედება ქმნის კონტრასტს პრეტენზიასა და სინამდვილეს შორის, თუმცა მერე პრეტენზიიდან სინამდვილეზე, გამომეტყველებიდან კი შინაარსზე გადადის. დიდი ძალის ბოროტების წარმოსაჩენად ჩაპლინი კარიკატურას ქმნის, უფრო მეტი ბოროტების წარმოსაჩენად კი ტრაგიკომედიამდე მიდის.

ჩარლის საყოვლთაო აღიარება ხვდა წილად. მის კომედიებზე იცინოდა ყველა, მაგრამ როგორც კი კომიზმის გარეშე გამოსახავდა ზოგადსაკაცობრიო საკითხებს, მაყურებელთა რაოდენობა კლებულობს. მასას ჩარლის ფილმები გასართობად სჭირდებოდა, ერთეულებს კი სევდაც აღაფრთოვანებდა.

ჩარლი ჯიუტად განაგრძობდა მუნჯი ფილმების გადაღებას, ხმოვან ფილმთა შორის. ჯერ მუსიკა და ხმაური გაისმა “დიდი ქალაქის ჩირაღდნებში”, შემდეგ მისი სიმღერა, “ახალ დროებაში”. დაიწერა ხმოვანი სცენარი კინოშედევრისთვის “დიდი დიქტატორი”. ჩაპლინმა ხიდი გასდო მუნჯ და ხმოვან, ძველ და ახალ კინოს შორის, რომელზეც ასობით კინემატოგრაფისტი იკვლევდა გზას. მისი გენია ხმოვანი კინოს ახალმა ესთეტიკამ ვერ დაჯაბნა.

ჩარლი დარჩა დროთა ვითარებისა და ცვალებადობისგან ხელშეუხებელი გენიოსი.